სიახლეები
26 მაისი
საქართველომ XX საუკუნეში ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა – პირველად 1918 წლის 26 მაისს და მეორედ 1991 წლის 9 აპრილს. დღემდე მიდის მსჯელობა, რომელი დღე უნდა აღვნიშნოთ – პირველი რესპუბლიკის მიერ, თუ მეორე რესპუბლიკის მიერ გამოცხებული დამოუკიდებლობა. ეს ორივე თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.
1918 წელს საზოგადოება, რომელიც ერთმანეთთან სოციალურად და იდეოლოგიურად დაპირიპირებული იყო, სადაც იყვნენ არისტოკრატები, იყვნენ სოციალისტები, მუშები, გლეხები, რევოლუციონერები, რომლებიც ერთმანეთს ასევე პოლიტიკურად მტრობდნენ, ერთად დადგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ. ქართველი სამხედროები – გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, აბელ მაყაშვილი და ა.შ., რომლებიც იყვნენ არიტოკრატები, იდგნენ სოციალ-დემოკრატებთან, ნოე ჟორდანიასთან, ნოე რამიშვილთან, ყოფილ ბოლშევიკ ვალიკო ჯუღელთან ერთად. სოციალ-ფედერალისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, რომლებიც აქამდე მტრობდნენ სოციალ-დემოკრატებს, ერთიანი კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს მათთან და ერთნაირად იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტისთვის.
საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ყველა მათგანმა გვერდით გადადო თავისი სოციალური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულება და ყველაზე მაღლა დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის იდეა. სწორედ ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ შეძლო 1918-1921 წლებში უამრავი საქმის გაკეთება. ამ დროს დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომლითაც დღემდე ვამაყობთ. მათ შეძლეს აფხაზური, ოსური, სამხრეთ საქართველოს სეპრატისტული მოძრაობების დამარცხება, სომხური ინტერვენციის უკუგდება და დამარცხება, 1920 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს წითელი არმიის უკუგდებაც კი შეძლეს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც ერთიანდებოდა დამოუკიდებლობის იდეით.
სამწუხაროდ, მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის გამო, პირველმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო, დიდხანს ეარსება, მაგრამ მან დაგვიტოვა ის მაგალითები, თუ როგორ შეიძლება გადადო შენი იდეოლოგიური, პოლიტიკური და კერძო ინტერესი დამოუკიდებლობის იდეის გამო.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არიან ძალები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გაწირვაც თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ამიტომ ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, არამედ იმისთვისაც, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა ღირებულებებზეა დაფუძნებული საქართველო.
ჩვენ – მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ ერთიანობის დღეცაა!!