გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

ეკო-ლოგიკა და ცირკულარული ეკონომიკა

ჯაბა ჭანკვეტაძე
472 ნახვა

ეკოლოგიური პრობლემები ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. ისინი უდიდეს გავლენას ახდენენ ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრებაზე. დღესდღეობით არსებული უამრავი გლობალური პრობლემა ადამიანის საქმიანობის, გარემოსთან მისი დაუდევარი ურთიერთობის, შედეგია. წარმოებისა და ადამიანური აქტივობის ამ ტემპის შენარჩუნება კი საძირკველს აცლის თანამედროვე ცივილიზაციას, საფრთხეს უქმნის მის ფიზიკურ არსებობას. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ბევრი ეკოლოგიური პრობლემაა. მათ შორისაა, მაგალითად, სხვადასხვა დამაბინძურებლის გამონაბოლქვი და მისი მავნე ეფექტი გარემოზე. ეს პრობლემა საჭიროებს განსაკუთრებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო თანმდევი ნეგატიური გავლენები, რაც სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს საქართველოს ეკოლოგიურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.

8 სექტემბერს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს ნახშირორჟანგის მსოფლიოში უდიდესი გამწოვი ქარხანა, სახელწოდებით Orca ამუშავდა – პროექტზე ნახშირორჟანგის გაწოვის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, შვეიცარიული Climeworks-ი და ისლანდიური Carbfix-ი მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ გამწოვი ჰაერის შთანთქმის (Direct Air Capture – DAC) ტექნოლოგიით ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ატმოსფეროდან გაიწოვება, ხოლო შემდეგ მიწის ქვეშ ინახება ან სინთეტიკური საწვავისა თუ გაზირებული სასმელებისათვის გადამუშავდება.

ეს ყოველივე კი ხდება ცირკულარული (წრიული) ეკონომიკის ეგიდით. ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური სისტემაა, რომლის მიზანსაც ნარჩენების

 გონივრული გადამუშავება და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. ცირკულარული სისტემის მთავარი „იარაღებია“: ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება, რეაბილიტაცია და სხვა ისეთი ხერხები, რითაც კონკრეტული ნივთი და მასალა გამოსაყენებლად ვარგისი იქნება.მაგალითად; გერმანიაში ნაგავსაყრელიდან ნარჩენების 62 პროცენტი მუშავდება,ტაივანში 60 პროცენტი. მას მოსდევს სინგაპური – 59 პროცენტი, სამხრეთ კორეა – 49 პროცენტი, დიდი ბრიტანეთი – 39 პროცენტი, იტალია – 36 პროცენტი და საფრანგეთი – 35 პროცენტი.

ცირკულარული ეკონომიკა აქტიურად ცდილობს, დანერგოს საზოგადოებაში, რომ „ნარჩენი არ არის ნაგავი“ და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას აქვს.

  • ახალი, „მწვანე ინდუსტრიებისა” და სამუშაო ადგილების შექმნა
  • სხვადასხვა ნედლეულის იმპორტის შემცირება
  • რესურსების გამოყენების შემცირების შედეგად გარემოს ნაკლები დაბინძურება
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა
  • ენერგიის, რესურსებისა და ნარჩენების შემცირებით შემცირდება ხარჯებიც

2018 წლის მონაცემებით ცირკულარულ ეკონომიკაში ინვესტირების კუთხით ევროპის ლიდერი ქვეყნების სია ამგვარად გამოიყურება:

დიდი ბრიტანეთი – 31 მილიონი $

გერმანია – 28,7 მილიონი $

საფრანგეთი – 21,3 მილიონი $

იტალია – 17,8 მილიონი $

ესპანეთი – 11 მილიონი $

ზოგადად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ კონსერვატიზმი არის რეტროგრადობა და რომ ის ვერ (ან არასათანადოდ) პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ამგვარ მოსაზრებას, შესაძლოა, გარკვეული საფუძველი გააჩნდეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის აუცილებელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. მართლაც, პლანეტა-დედამიწა საერთო სახლია კაცობრიობისა; საერთო სახლზე ზრუნვა კი ჩვენი ვალდებულებაა. შესაბამისად, მხოლოდ მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემატიკას ითვალისწინებს და ამავე დროს, რენტაბელურია ეკონომიკურად.

განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული არაერთი სიმპოზიუმი თუ პრეზენტაცია მიეძღვნა აღნიშნულ თემას. ამ მხრივ, ლიდერობენ სკანდინავიის ქვეყნები. ისინი მოწინავე როლს ასრულებენ მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში. არარაციონალური ბუნებათსარგებლობით გამოწვეული დეგრადაცია შეეხო ბუნების ყველა ასპექტს. მისი შედეგია: სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართომასშტაბიანი გაუდაბნოება, ტყის საფარველის თითქმის განახევრება, ატმოსფეროსა და წყლის ძლიერი დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, მდინარეთა კალაპოტების დაშრობა. გლობალური ეკოლოგიური სისტემის დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად (მიზეზად) მიჩნეულია წარმოების და სხვა სახის ნარჩენებით (ყველა აგრეგატული მდგომარეობით) ზედაბინძურება.

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მთლიანი ნედლეულის 95%-მდე ნარჩენებზე მოდის. მყარი ნარჩენების საერთო რაოდენობა კი, რომელიც განთავსებულია ნაგავსაყრელებზე, საცავებზე, პოლიგონებზე და სხვაგან, 80 მილიარდ ტონას აღწევს. მრავალნარჩენიანი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებიდან უპირველესად გამოსაყოფია რუსეთი, სადაც საშუალო წლიურად 7 მილიარდი ტონა მყარი ნარჩენი გროვდება. დაბინძურების შედეგად მძიმე ეკოლოგიური სიტუაცია შეიქმნა ატმოსფეროში. ჰაერის დაბინძურების მიხედვით მსოფლიოს ტოპათეულ ქვეყნებს შორის მოქცეულია შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია, გერმანია, ირანი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და კანადა.

ატმოსფეროს ჰაერის დეგრადაცია გამოიხატება ქიმიური, ფიზიკური და სითბური დაბინძურებით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია გლობალური დათბობის ნათლად გამოხატული ტენდენცია, რაც თანამედროვე გლობალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა. კემბრიჯის უნივერსიტეტი თავის პროგრამაში Circular Economy and Sustainability Strategies წრიულ ეკონომიკას და მდგრადობის სტრატეგიებს შემდეგ სტატიას უძღვნის; ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულმა ექსპლუატაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა გარემოზე და უარყოფითად იმოქმედა მათ ხელმისაწვდომობაზე და ღირებულებაზე. ასე რომ, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იპყრობს ყურადღებას მთელ მსოფლიოში წრიული ეკონომიკის იდეა, რომელიც გვთავაზობს ახალ გზებს უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის მოდელის შესაქმნელად. ეს პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ  გაიგოთ მზარდი ბიზნეს საქმიანობის მდგრადი გადაწყვეტილებები და ისწავლოთ როგორ მართოთ და გაზარდოთ მდგრადი ბიზნესი თქვენს სტრატეგიებში წრიული ეკონომიკის პრინციპების ჩართვით. მდგრადობის შესავალი და ბუნებრივი კაპიტალი განისაზღვრება მისი კავშირით ჭარბ მოხმარებასთან და ზედმეტ წარმოებასთან ბიზნეს და ეკონომიკური თვალსაზრისით.

 ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი იმისა, რომ ცირკულაციური ეკონომიკის ტიპის ინოვაციურ პროექტს შეუწყოს ხელი, რაც მრავალმხრივი სარგებლის მიღების საშუალებად იქცევა, როგორც ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მხრივ, ისე ბიზნეს საქმიანობისა და დასაქმების კუთხით.

ამ ეტაპზე სასურველი, ხოლო უახლოეს მომავალში აუცილებელი იქნება მსგავსი პროექტების ინიცირება საქართველოს მთავრობისა თუ კერძო სექტორის მხრიდან. ამგვარი პროექტის ხელშეწყობა შესაძლოა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან, აგრეთვე ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუალოდ თანამშრომლობითა თუ საინვესტიციო გარემოს მომზადებით.


Facebook