გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

მიხეილ ჟღენტი: მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობა იქმნება

solidaroba
131 ნახვა

11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, თუმცა, წელი, თვე, რიცხვი და საუკუნე არავის დაუკონკრეტებია. დაპირება კიდევ ერთხელ მიიღო ომში მყოფმა უკრაინამაც, რომელსაც უთხრეს, ომს თუ მოიგებ, MAP-ის გარეშე მიგიღებთ ჩვენს რიგებშიო. რას ნიშნავს რეალურად ეს დაპირებები და რა მისცა საქართველოს ან უკრაინას ლიეტუვას დედაქალაქში გამართულმა სამიტმა… ჩვენი სტუმარია ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ წევრი, მიხეილ ჟღენტი.

– ბატონო მიხეილ, 2008 წელს საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო „MAP-ზე მეტი“, 15 წლის შემდეგ, ომში ჩართულმა უკრაინამ მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ ოდესმე, MAP-ის გარეშე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. გარდა ჰაერზე ნასროლი სიტყვებისა და მსუყე დაპირებებისა, რეალურად რა მიიღო 15 წლის წინ საქართველომ, 15 წლის შემდეგ კი – უკრაინამ?

– ის, რაც დღეს საბრალო უკრაინის და საქართველოს თავს ხდება, დაცლილია ყოველგვარი ლოგიკისგან. ევროპისა და NATO-ს შიზოფრენიამ უკვე პიკს მიაღწია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს კიდევ არ არის ბოლო სტადია. ჩვენ რომ დღევანდელი მდგომარეობა შევაფასოთ, ურიგო არ იქნებოდა, ფსიქიატრების დასკვნებიც მოგვესმინა და ალბათ, ძალიან საინტერესო სურათსაც მივიღებდით. საქართველოს კოლექტიური დასავლეთი გამუდმებით დასცინის და ეს რეალობა ასეთია ჯერ კიდევ 1992 წლიდან. საქართველოს და უკრაინას მათ მიანიჭეს რუსეთის დამშლელის როლი. მერწმუნეთ, არავინ, არასდროს უკრაინის და ჩვენს NATO-ში მიღებას არ აპირებდა, ეს ორი საბრალო ქვეყანა დაშლისთვის გაწირეს და ეს კარგად გამოჩნდა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან. ჩვენი ანტირუსული განწყობა აშშ-ის მიერ იყო თავსმოხვეული, რომელსაც აფხაზეთის ავანტიურა და მისი დაკარგვა მოჰყვა. ხმამაღლა ვაცხადებ; აფხაზეთი დაგვაკარგვინა აშშ-მა ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის ხელით. უკვე მეორედ 08.08.08-ში მოუსინჯა კბილი დასავლეთმა რუსეთს და რაც მოხდა, ყველამ კარგად დავინახეთ, ტანგოს მესამე ნაწილი კი, ახლა იწყება… ბუქარესტის სამიტსა და „MAP-ზე მეტზე“ სერიოზული საუბარი, ჩვენი მკითხველის შეურაცხყოფა იქნება, ამიტომ არაფერს ვიტყვი, რაც შეეხება უკრაინას, ვწუხვარ, მაგრამ ეს ქვეყანა როგორც სუბიექტი აღარ არსებობს, ის NATO-რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად იქცა. სამწუხაროდ, ეს არჩევანი გააკეთა უკრაინის ხელისუფალმა და ხალხის ნაწილმა.

– უკრაინას კოლექტიური დასავლეთი ეუბნება, ომში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მიგიღებთ ჩვენს რიგებშიო. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს ომში, ამის შემდეგ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება რაღაში სჭირდება ქვეყანას, არის თუ არა ეს უკრაინელი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობა?

– აშშ და კოლექტიური დასავლეთი უკვე 30 წელზე  მეტია ნაცარს აყრიან უკრაინელ და ქართველ ხალხს. უკრაინისთვის მიცემული ეს პირობა კი, დასავლეთის მხრიდან ცინიზმის მორიგი გამოვლენა იყო და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, ორი ზე-სახელმწიფო – რუსეთი და აშშ წყვეტენ კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხს, ამ დროს კი, დასავლეთმა უკრაინა შეატოვა რუსეთს.

– რუსეთის მეზობელი ფინეთი MAP-ის და „MAP-ზე მეტის“ გარეშე გახდა NATO-ს 31-ე წევრი ქვეყანა, თუმცა, რუსეთს არანაირი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ფინეთის წინააღმდეგ არ დაუწყია. 2022-ში იმის გამო, რომ NATO არ გაფართოებულიყო რუსეთის საზღვრებთან, ვლადიმირ პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო მეზობელ ქვეყანაში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ უნდა ველოდოთ ფინეთის წინააღმდეგაც მსგავს ოპერაციას თუ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყანას, ანუ მთლიანობაში NATO-ს ომს არ გამოუცხადებს?

– ძალიან კარგი კითხვაა! აი, ეს არის NATO-ს სახე, თაღლითისა და უზნეოს სახე. როცა მათ ასე სურთ, არც MAP, არც ასპირანტობა, არც დემოკრატია თუ ადამიანის უფლებებია აუცილებელი პირობა დასავლურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. მაგალითად ავიღოთ თურქეთი, რომელიც NATO-ში გასაწევრიანებლად არცერთ მონაცემულ პირობას არ აკმაყოფილებდა, მაგრამ ის გახდა ალიანსის წევრი, ეს არის NATO-ს ზნე, ანუ NATO-ს უზნეობა! სამწუხაროდ, ფინეთს არ ჰქონია თვითგადარჩენის ინსტინქტი, რათა წინ აღდგომოდა დასავლურ ავანტიურას. მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად მიდის… სადაც ვიწროა, იქ გაწყდება!

– თუკი ფინეთისთვის აღმოჩნდება დამცავი ფარი NATO-ს წევრობა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ 2008-ში საქართველო გაწირა NATO-მ და წლების შემდეგ – უკვე უკრაინა?

– საქართველო, უკრაინა და ფინეთი კი არა, პოლონეთი და რუმინეთი ჰყავთ გამზადებული გასაწირად. ვფიქრობ, წლის ბოლოს რუსეთი აშშ-ს უკან დაახევინებს, NATO-ს წევრობა კი, არცერთი მისი წევრი ქვეყნისთვის აღარ არის უსაფრთხოების გარანტი! ახლა მხოლოდ იუმორით თუ ისაუბრებ NATO-ზე და მისი უსაფრთხოების ქოლგებზე…

– თურქეთის პრეზიდენტის ორმაგი თამაშებიც რომ შევაფასოთ… არის თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, თუ ის მთლიანობაში არც დასავლეთის ერთგულია და არც რუსეთის?.. რა თამაშს თამაშობს ის და რას ნიშნავდა მისგან შვედეთისთვის მწვანე შუქის ანთება?

– ეს ისეთი თემაა, დღეები არ გვეყოფა სასაუბროდ, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ ჩემს აზრს… თურქეთი თავის თამაშს თამაშობს და ასრულებს იმ როლს, რომელიც მას წლების მანძილზე, განსაკუთრებით კი – 1991 წლიდან მიენიჭა. იგი გახდა აშშ-ის მთავარი დასაყრდენი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. 260-მილიონიანი საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპა ლანგარზე დადებული მიართვა აშშ-მა და ეს ნადავლი მათ კარგად გაიყვეს. თურქეთი არავის მეგობარი არ არის, ის საკუთარი ტყავის გადარჩენის რეჟიმზეა გადასული. მას აქეთ რუსეთი ჰყავს, იქით აშშ და ყველა მხარეს ცდილობს ხეირის მიღწევას… ვნახოთ, სადამდე ეყოფა თურქეთს ასეთ ორმაგ თამაშში ყოფნის ძალა.

– უკრაინის ომის შემდეგ, მსოფლიო გეოპოლიტიკა რადიკალურად იცვლება, პრინციპში უკვე შეიცვალა კიდეც… ხომ არ მოვიდა დრო, საქართველომ გადახედოს საკუთარ „მეგობრებსა“ და „სტრატეგიულ პარტნიორებს“ და NATO-სა და ევროკავშირის ისტერიულ ძახილს შეეშვას?

– სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს! მე იმ „სტრატეგიულ მეგობარს“ რა ვუთხარი, 30 წლის მანძილზე არასტრატეგიულადაც რომ ვერ დაგიცავს. ამ თემაზე საუბრის დროს იუმორისა და ანეკდოტების მოყოლის ხასიათზე ვდგები… მხოლოდ დასავლური შიზოფრენიით შეპყრობილ ადამიანებს შეუძლიათ ამ ყველაფერზე სერიოზულად საუბარი. ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გამოამჟღავნა სუვერენული ქვეყნისათვის დამახასიათებელი ნიშნები და აი, სწორედ ამიტომ, კოლექტიური დასავლეთისთვის ისინი მიუღებლები გახდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო კომენტარები იყო ქვეყნის დეკოლონიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები. დიახ, 1996 წლიდან საქართველო აშშ-ის კოლონიაა! იმედია, ის სიბნელე, რომელშიც 30 წელზე მეტია ვართ, გაირღვევა… საქართველოს, წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა, რათა რადიკალურად გადახედოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას. დამიჯერეთ, მაინც გადაგვახედვინებენ და სჯობს, ეს ისევ ჩვენივე ნებით გავაკეთოთ. მკითხავთ ალბათ, რას გულისხმობთო… მოგახსენებთ, 3+3 ფორმატი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და კიდევ ბევრი ახალი გაერთიანება მალე ჩაანაცვლებს ევროკავშირსაც და მის ეკონომიკასაც. დამიჯერეთ, ახალი დრო დგება. ახალი რეალობა იქმნება მსოფლიოში, ჩვენ კი, ჯერაც ვერ განვიკურნეთ NATO-სა და ევროკავშირის ბაცილისგან!

Facebook