გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სტრატეგია

მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პოლიტიკურ ხედვებს, რომლებსაც ეფუძნება მოძრაობის იდეოლოგია და მოქმედების სტრატეგია.

საჯარო სივრცეში მოძრაობის აქტივობები სრულად თანხვედრაშია მოძრაობის კონცეფციასთან.

კონცეფციაში მოცემულია როგორც ფუძემდებლური ღირებულებები, ისე ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მოცემულობანი, რომლებიც, მოძრაობის წევრების თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდი, სოლიდარული და ჯანსაღი განვითარებისთვის.

1. კულტურულ-ღირებულებითი საფუძველი

1.1 მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური ხედვებისდა აქტივობების საფუძველია ტრადიციული და ეროვნული ღირებულებები – ისეთები, როგორებიცაა: სუვერენიტეტი, ერი, ოჯახი, ადამიანი.

1.2 მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ უარს ამბობს დღევანდელ იდეოლოგიებში გავრცელებულ ცალსახა მიდგომებზე – „სახელმწიფო ა ნ ინდივიდი“, „კოლექტივიზმი ა ნ ინდივიდუალიზმი“. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოდ ორგანიზებული სოციუმისა და ცალკეული ადამიანის ინტერესების ჰარმონიზაცია წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ორგანიზაციის მოქმედების სტრატეგია და საზოგადოებრივი აქტივობები.

1.3 ამგვარი ჰარმონიზაციის მთავარ სოციალურ ინსტიტუტად მივიჩნევთ ოჯახს, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფოს მცირე მოდელს და მის ფუნდამენტს, ხოლო მეორე მხრივ, არის ცალკეული ადამიანის შესაძლებლობების დახვეწისა და განვითარების ადგილი.

1.4. საქართველოს კონსტიტუციასთან თანხმობით, ოჯახად მივიჩნევთ მამაკაცისა და ქალის კავშირს.

1.5. მოძრაობისთვის განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს ერის კონცეფცია. ერად მივიჩნევთ მრავალეთნიკური ერთობის ორგანიზებულ სახეს, რომელიც, საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ჩართულია ისტორიულ პროცესში. ეროვნულ ინტერესებს მივიჩნევთ იმ მოცემულობად, რომელთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს ცალკეული ადამიანის აქტივობები.

1.6. აქედან გამომდინარე, მმართველობის სასურველ ფორმად მივიჩნევთ ეროვნულ დემოკრატიას, ხოლო ეროვნულ სუვერენიტეტს ვსახავთ იმ იდეალად, რომლისკენაც უნდა იყოს მოწოდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქმედება. მიგვაჩნია, რომ ეროვნული სუვერენიტეტი არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი და წარმოადგენს ცალკეული ადამიანის ჯანსაღი განვითარების უპირობო საფუძველს.

1.7. მოძრაობა აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობას ეროვნული თვითდამკვიდრების საქმეში და ესწრაფვის ქრისტიანული კულტურის ღირებულებათა – თანაგრძნობა, სოლიდარობა, მშვიდობა, ოჯახური ერთობა – რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებას.

1.8. მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, ამასთანავე,  აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური კონცეფციების უფლებას აღმსარებლობის თავისუფლებისა.

1.9 მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების პრობლემატიკა. ქართული კულტურის გახსნილობის საფუძველზე, მოძრაობა მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი საერთაშორისო საკითხების განხილვაში, როგორიცაა გარემოს დაცვა, აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა.

2. საშინაო პოლიტიკა


2.1.
მოძრაობის შიდაპოლიტიკური ხედვები ეფუძნება მის ღირებულებით საფუძველს – უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეას.

2.2. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების საფუძვლად გვესახება ფორმულა: „პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას“.

2.3. ზემოხსენებულ ფორმულას განვმარტავთ შემდეგნაირად: სახელმწიფო, როგორც სუვერენი უნდა ადგენდეს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებს, განსაზღვრავდეს და ახალისებდეს სუვერენულობისთვის აუცილებელ სტრატეგიულ დარგებს – როგორც ინდუსტრიულს, ისე აგრარულს.
ამგვარი პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს, წარმოების ზრდის მეშვეობით, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მატება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

2.4. მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ემხრობა შერეულ ეკონომიკურ მოდელს. ერთის მხრივ, ვაღიარებთ საბაზრო ეკონომიკის ისეთ სიკეთეს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს სელექციური, ეროვნული ინტერესებიდან მომდინარე პროტექციონიზმი – რეგულატორული თუ წამახალისებელი მექანიზმები – უნდა მიემართებოდეს ქვეყნისთვის აუცილებელ სტრატეგიულ დარგებს.

2.5. სახელმწიფოსა და ცალკეული ადამიანის ჰარმონიზაცია, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, გულისხმობს აგრეთვე დასაქმებულთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას და შრომის ინსპექციის ქმედით საქმიანობას, დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო გარემოს, ჯანდაცვისა და შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის მიზნით.

2.6. ერთის მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესთა ჰარმონიზაცია მიგვაჩნია სოციალური კეთილდღეობისა და ინტეგრაციის მთავარ პირობად. ამ ჰარმონიზაციის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, გავითვალისწინოთ როგორც ადილობრივი კონტექსტი, ისე საერთაშორისო გამოცდილება ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა გერმანია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ფინეთი.

2.7. ეროვნული დემოკრატიისა და სახელმწიფო სუვერენულობის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა, განათლების სისტემის ხსენებულ მიზნებთან ადაპტაცია, რომლის ღერძი იქნება, როგორც ეროვნულ ინტერესებზე სისტემის მოწყობა, ისე ინდუსტრიული თუ აგრარული სექტორისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების აქტიური მომზადება.

3. საგარეო პოლიტიკა

3.1  შიდაპოლიტიკური ხედვების მსგავსად, ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკური ხედვებიც ორგანიზაციის ღირებულებით საფუძველს ეყრდნობა.

3.2. ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკური ხედვით, საქართველო უნდა გამოცხადდეს სამხედრო ნეიტრალურ ქვეყანად.

3.3. სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტად მივიჩნევთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორებს.

3.4. საგარეო-პოლიტიკური, დიპლომატიური აქტივობის მიზანი უნდა იყოს, გამომდინარე გლობალური გამოწვევებისა და ცვალებადი საგარეო პოლიტიკური ვითარებებისა, საქართველოს ხანგრძლივვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა სამხედრო ნეიტრალიტეტის საფუძველზე.

Facebook