გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

პოლიტიკური შეთანხმება თუ იდეოლოგიური ემიგრაცია?

მიხეილ ჟღენტი
1088 ნახვა

ვინ გვართმევს აგორას?!

ხალხთა მასობრივ მიგრაციებსა და გადასახლებებს ისტორიაში არერთხელ ჰქონია ადგილი. III საუკუნიდან გერმანულმა, სლავურმა და კიდევ სხვადასხვა ტომებმა დაიწყეს გადასახლება აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულებით, რაც VII საუკუნემდე გაგრძელდა. ამ ეპოქას უწოდებდნენ ხალხთა დიდ გადასახლებას. თითქოს ეს მოვლენა ისტორიის ნაწილად უნდა ქცეულიყო და აღარ უნდა განმეორებულიყო, მაგრამ XXI საუკუნეშიც ვხედავთ იგივე მოვლენებს. ჯერ იყო და სირიაში კონფლიქტის დროს, მიგრანტთა დიდი ნაწილი წავიდა ევროპის მიმართულებით, რამაც ევროპაში ე.წ საიმიგრაციო კრიზისი გამოიწვია. დღეს უკვე რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში მიგრაციულმა ტალღამ ახალი ძალები და ფორმები მიიღო. ოფიციალურად 5 მილიონ უკრაინელ დევნილზეა საუბარი, მაგრამ არაოფიციალურად მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდია და სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში დევნილების რაოდენობა მზარდი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ არამხოლოდ ომიდან გაქცეულ ადამიანებს, არამედ სხვა სახის მასობრივ მიგრაციებსაც. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი დატოვა 1.6 მილიონმა ადამიანმა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიგრაციული ტალღები კვლავ გაგრძელდება.

მოდით, დავსვათ კითხვა – რა არის ამ მიგრაციის მიზეზი?

რუსეთ-უკრაინის ომმა ძველი მსოფლიო წესრიგი დაასრულა. ამაზე საუბრობენ როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. იდეოლოგიური, ცივილიზაციური და პოლიტიკური განსხვავებები ეთნიკურ განსხვავებებზე მაღლა დგება. ახალი მიგრაციული ტალღები დაკავშირებული იქნება ადამიანების იდეოლოგიურ და კულტურულ მსოფლმხედველობასთან. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთიდან ძირითადად ის ხალხი მიდის, რომელიც მხარს არ უჭერს პუტინის ხელისუფლება. ისინი  უფრო ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები არიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მალე ტერიტორიები იდეოლოგიური მიკუთვნილებით დაიყოფა. ლიბერალი ადამიანი, არალიბერალურ სახელმწიფოში მოხვედრის შემთხვევაში მარგინალი იქნება, ხოლო ლიბერალურ ზონაში, ყველა არალიბერალის მარგინალიზება გაგრძელდება. ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ სამყაროს იდეოლოგიური მიგრაციები. მხოლოდ მცირე ქვეყნები შეძლებენ, მოქალაქეების პოლიტიკურ-იდეოლოგიურ განსხვავებების  მიუხედავად, შეინარჩუნონ ერთიანობა და ეს წინააღმდეგობა დაძლიონ. ამ წინააღმდეგობის დაძლევას კი სჭირდება ერთ რამ – ნამდვილი დემოკრატია. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც თემებზე აკრძალული გვაქვს საუბარი, რომ ვინც ამ აკრძალვებს დაარღვევს, სოციალური ოსტრაკიზმი ელოდებოდა. ე.წ. ლიბერალურმა კულტურამ უბრალოდ წაგვართვა აგორა, სადაც განსხვავებული პოზიციები ერთმანეთს არგუმენტების ძალით უპირისპირდება და სადაც მსჯელობა იმარჯვებს. ეს გააკეთა რამდენიმე დისკურსული ინსტრუმენტით:

1) განსხვავებული პოზიციებს და აზრს უწოდა რუსული ნარატივი;

2) შექმნა მორალური პოლიცია, რომელიც კონკრეტულ ინდივიდზე თავდასხმას ახდენს და მის მარგინალიზებას ეწევა;

3) გამქრალია პლატფორმები, სადაც სხვადასხვა აზროვნებისა და ღირებულებების ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან და ერთმანეთს არგუმენტირებულად დაუპირისპიდებიან. ამის ნაცვლად შემოთავაზებულია შოუები, სადაც განსხვავებულ აზრს წარმოადგენს ვინმე ოდიოზური პიროვნება და, შესაბამისად, შთაბეჭდილება იქმნება, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი ოდიოზურობისა და მარგინალობის ნიშანია.

ეს ყოველივე იწვევს საზოგადოების რადიკალიზებას. საზოგადოებას აღარ რჩება კომპრომისების გზა. რა თქმა უნდა, ლიბერალებს სურთ, რომ ამ მიგრაციულ ტალღებში, საქართველო იქცეს ლიბერალურ კუნძულად, რომ ყველა სხვა ან იძულებული იყოს დატოვოს ქვეყანა, ან უბრალოდ მეგა-მარგინალიზებული იყოს. მაგრამ  გეოპოლიტიკური რეალობა გვეუბნება, რომ ეს შეუძლებელია – ჩვენ სხვა კულტურის ხალხი ვართ. იმ კულტურის, სადაც უამრავ კონფესიასა თუ ეთნიკურ ჯგუფს შეეძლო თანაარსებობა და მშვიდობიანი განვითარება.

Facebook