გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

გახლეჩილი ამერიკის შეერთებული შტატები

solidaroba
435 ნახვა

მხოლოდ საარჩევნო რეფორმას შეუძლია შტატები გამართულად ამუშაოს

ორი შტატი – ორი სრულიად განსხვავებული გონებრივი მდგომარეობა. 25 აგვისტოს კალიფორნიამ აკრძალა ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვა 2035 წლიდან. ეს ნაბიჯია, რომელიც შეცვლის საავტომობილო ინდუსტრიას, შეამცირებს ნახშირბადის გამოყოფასა და დატვირთავს შტატის ელექტრო ქსელს. იმავე დღეს ტეხასში „სასხლეტმა კანონმა“ (trigger law) აკრძალა აბორტი ჩასახვის მომენტიდან, გაუპატიურებაზე ან ინცესტზე გამონაკლისის გარეშე. მათ, ვინც აბორტს აკეთებს, 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეს ორი მოვლენა შეიძლება ერთმანეთთან არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანი ტენდენციის სიმპტომებია. ვაშინგტონი, შესაძლოა, დიდწილად შეზღუდული იყოს, მაგრამ შტატები პოლიტიკებს გააფთრებული ტემპით ახორციელებენ. თეორიულად, ეს არ არის ცუდი. 50 შტატის სახით ამერიკას აქვს 50 ლაბორატორია, რათა შეამოწმოს რომელი პოლიტიკა მუშაობს და რომელი არა. ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ცხოვრება, ხოლო კომპანიებს – მუშაობა ისეთ ადგილებში, სადაც მათი პრეფერენციები ადგილობრივ წესებში აისახება; – როგორც ამას ბევრი აკეთებდა პანდემიის დროს, როცა გადადიოდა იმ შტატებში, სადაც ნაკლები შეზღუდვა იყო.თითოეულ შტატს შეუძლია მოახდინოს საკუთარი კომპრომისი გადასახადების წონასა და საჯარო სერვისების გულუხვობას შორის. ნებისმიერ შტატს შეუძლია ისწავლოს მეზობლებისგან, რომელთაც უკეთესი სკოლები ან ბიზნეს რეგულაციები აქვთ.

სამწუხაროდ, ფედერალიზმის ეს კონსტრუქციული ფორმა არაა ის, რასაც დღეს შტატების პოლიტიკოსები მისდევენ. ნაცვლად ამისა, ისინი აწარმოებენ ეროვნულ კულტურულ ომს: აწესებენ იმას, რისი განხილვა შეიძლება კლასებში, რამდენად ადვილი უნდა იყოს იარაღის ყიდვა და ტარება, რა სამედიცინო ჩარევები შეიძლება შესთავაზონ მოზარდებს, რომლებიც ტრანსგენდერად მიიჩნევენ თავს და რა სახის სარგებლით შეიძლება სარგებლობდნენ უკანონო ემიგრანტები. ასეთი საკითხები ორივე მხარის მომხრეებს აღაშფოთებს ისე, როგორც ამას ვერ ახერხებს, ვთქვათ, გზების მოწესრიგების ან საგადასახადო პოლიტიკის დახვეწის თემები. ზომიერებს შეიძლება ერჩივნოთ ნაკლები ბრაზი და მეტი გზის რემონტი, მაგრამ შტატების ბევრ პოლიტიკოსს მათი იგნორირება თავისუფლად შეუძლიათ.

ეს ხდება იმიტომ, რომ  50-დან 37 შტატს, სადაც ამერიკელების სამი მეოთხედი ცხოვრობს, ერთი პარტია მართავს. ბოლო 30 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა შტატების რაოდენობა, სადაც ერთი მხარე აკონტროლებს როგორც საკანონმდებლო პალატას, ისე გუბერნატორის სასახლეს. ეს ერთპარტიული შტატები ებღაუჭებიან ხელისუფლებას, რადგან გამარჯვებულები ხელახლა ადგენენ საარჩევნო რუკებს საკუთარი უპირატესობისთვის. ხოლო მეტისმეტად უსაფრთხო ადგილების მქონე პოლიტიკოსებს ჟინიანი სტიმულები აქვთ. მათ ადარდებთ არა საყოველთაო არჩევნებში დამარცხება, არამედ მხოლოდ პრაიმერი, რომელშიც მგზნებარე მიმდევრები იღებენ ინიციატივას, რადგან ისინი უფრო მეტად არიან მოტივირებული ხმის მიცემისთვის. ასეთი მიმდევრების გადაბირების გზა კი კომპრომისისგან თავის არიდებაა.

ამიტომაცაა რომ ვრცელდება ექსტრემიზმი. მაგალითად, ტეხასელების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი ახალი აბორტის კანონები მეტისმეტად შეუბრალებელია, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა აგრეთვე მიიჩნევს, რომ ძველი ეროვნული წესები ძალიან რბილი იყო. ტეხასი ერთპარტიული შტატი რომ არ ყოფილიყო, მის კანონმდებლებს შესაძლოა კომპრომისი ეპოვნათ.

აქედანვეა, ასევე, დაპირისპირების ახალი პოლიტიკა. ზოგიერთი შტატი განიზრახავს, დასაჯოს ისინი, ვინც აბორტის ან ტრანსგენდერის ოპერაციის გაკეთებას სხვა შტატში ცდილობს. სხვა შტატები იგივე ადამიანებს თავშესაფარს სთავაზობენ. ლურჯი შტატები ხელს უწყობენ სარჩელებს იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ; წითელი შტატები სასამართლოში ჩივიან, რათა კალიფორნიამ შეაჩეროს გამონაბოლქვის საკუთარი სტანდარტების დაწესება („წითელსა“ და „ლურჯში“ იგულისხმებიან დემოკრატები და რესპუბლიკელები). მგზნებარე მხარდამჭერთა მუშტი-კრივი ძირითადად პერფორმანსის სახეს ატარებს. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა, თავისი შეხედულების რეკლამირებისთვის, – რომ ცისფერი შტატები მეტად რბილ პოლიტიკას მისდევენ არალეგალური იმიგრაციის მიმართ, – მიგრანტების ავტობუსები ნიუ-იორკში გაგზავნა.თუმცა, ეროვნულ დაპირისპირებებზე დაჟინებული კონცენტრაცია, საუკეთესო შემთხვევაში, ყურადღების გადატანაა ადგილობრივი პრობლემებისგან, რომელთა გადასაჭრელადაც არიან არჩეულნი შტატების პოლიტიკოსები. ფლორიდაში გუბერნატორმა რონ დესანტისმა, სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, გამოაქვეყნა „გაღვიძების შეჩერების აქტი“, რათა შეზღუდოს ის, თუ როგორ განიხილება რასობრივი საკითხები კლასებში. მის პრესრელიზში გადაჭარბებული „ვოუქერობის“ ათი მაგალითიდან არც ერთი არ იყო ფლორიდადან. ყოველი ეს ბრძოლა იწვევს საზოგადოების გაყოფას. მიუხედავად განსხვავებებისა, ყველა მყარად ფიქრობს, რომ წითელი და ლურჯი ამერიკა ერთმანეთს ვერ ეწყობა.

ეს კი ეროვნულ მოლაპარაკებებს უფრო საძაგლად და მღელვარედ აქცევს. ეს აგრეთვე ართულებს ბიზნესის კეთებას ამერიკაში. თუკი ოდესღაც ამერიკა, უხეშად რომ ვთქვათ, ერთიანი გიგანტური ბაზარი იყო, ახლა კალიფორნია და ნიუ-იორკი უბიძგებენ კომპანიებს გახდნენ უფრო „მწვანე“, ხოლო ტეხასი და დასავლეთ ვირჯინიის შტატი აკისრებენ ჯარიმებს მათ იმის გამო, რომ ისინი განახლებადი ენერგიებს ამჯობინებენ ნავთობსა და გაზს. ცოტა ხნის წინ ტეხასი იქამდეც კი მივიდა, რომ ათი ფინანსური ფირმა შავ სიაში შეიყვანა მეტისმეტი „სიმწვანისთვის“.

ყველაზე დიდი სადარდებელი ის არის, რომ პარტიულმა მიკერძოვებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავად ამერიკულ დემოკრატიას. ბევრი რესპუბლიკელი ვერ გაიმარჯვებს პრაიმერში, თუ მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპის დიდ ტყუილს, რომ მან დაამარცხა ჯო ბაიდენი 2020 წელს. იმავე წელს, რესპუბლიკელი სახელმწიფო გენერალური პროკურორების კოალიციამ უჩივლა სხვა შტატებს მათი ხმების გაუქმების მცდელობისთვის. რაც არ უნდა მოხდეს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, ასეთმა დაპირისპირებამ შეიძლება მოიმატოს. ამერიკაში არ იქნება მორიგი სამოქალაქო ომი, როგორც ზოგიერთი თავგახურებული ექსპერტი სპეკულირებს, მაგრამ ქვეყანამ უკვე გადაიტანა პოლიტიკური ძალადობა, რომელიც შეიძლება გაუარესდეს.

ამერიკის ფუნქციების მოშლა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, რომელიც დამოკიდებულია ამერიკაზე, წესებზე დაფუძნებული წესრიგის (ან რაც დარჩა მისგან) დაცვის საკითხში და იმაში, რომ თავიდან აირიდოს სამხედრო აგრესიები და შესთავაზოს დემოკრატიული მმართველობის მაგალითი. ამ უკანასკნელებთან მიმართებით საქმე განსაკუთრებით ცუდადაა. რა შეიძლება გაკეთდეს?

ფედერალურმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავისი პასუხისმგებლობის უგულებელყოფა. მაგალითად, აშკარაა, რომ იმიგრაციისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა უკეთესად ყალიბდება ეროვნულ დონეზე, ვიდრე ადგილობრივად. შეიძლება დაგვეხმაროს რეფორმები, რომელიც გამოიყვანს ვაშინგტონს ჩიხიდან, როგორიცაა სენატის საკანონმდებლო ობსტრუქციის გაუქმება. თუმცა ამაზე მეტად ამერიკას საარჩევნო რეფორმა სჭირდება.

შტატები, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა

ამან უნდა დაასრულოს წინასაარჩევნო მანიპულაცია, რომელიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით. სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ გადანაწილება დამოუკიდებელი კომისიების მეშვეობით, როგორც ამას მიჩიგანი აკეთებს პროცესის დეპოლიტიზაციისთვის. ეს გაართულებს ერთი პარტიის მიერ მყარი პოზიციების დაკავებას. ეს, ასევე, უფრო კონკურენტუნარიანი უბნების შექმნით, აიძულებს მეტ პოლიტიკოსს, მიმართონ ცენტრს.

მრავალწევრიანი ოლქების დაშვება ასევე შეიძლება დაგვეხმაროს. იმის მაგივრად, რომ ოლქები გაანაწილონ და მათ მხოლოდ ერთი წარმომადგენელი აირჩიონ, ეს გაზრდის ხმების მრავალფეროვნებას სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოებსა და კონგრესში. რანჟირებულმა კენჭისყრამ, რომელშიც ამომრჩეველთა მეორე და მესამე არჩევანი ითვლება, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიგებს აბსოლუტურ უმრავლესობას პირველი პრეფერენციებისა, შეიძლება ხელი შეუწყოს ზომიერებას (ამ კვირაში, რანჟირებულმა ხმის მიცემამ ალასკაში, სარა პეილინი კონგრესს მიღმა დატოვა). სხვადასხვა შტატს შეუძლიათ სცადონ განსხვავებული პოლიტიკა.

პასუხისმგებლობა ეკისრებათ ასევე ამომრჩევლებსაც. სოციალური მედიის ეპოქაში, შეიძლება რთული იყოს ხელოვნური მძვინვარების ქარცეცხლის უგულებელყოფა და ხმის მიცემა ლიდერებისთვის, რომელთაც საქმის კეთება სურთ. თუმცა ალტერნატივა უფრო დიდი განხეთქილებაა, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.

სტატია გამოქვეყნდა ბრიტანული ჟურნალის – „ეკონომისტის“ ბეჭდურ ვერსიაში

ქართულ ენაზე თარგმნა ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრმა – სოფიო მეზვრიშვილმა

წყარო: https://www.economist.com/leaders/2022/09/01/american-states-are-now-petri-dishes-of-polarisation


: კანონი, რომელსაც არ აქვს ამჟამად მაიძულებელი ძალა, მაგრამ რომელსაც მიენიჭება ამგვარი ძალა, კონკრეტული მოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებისას).

Facebook