გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

მიხეილ ჟღენტი: ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ ჩაერიოს ამ თამაშში, რადგან განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა თავის დასაცავად ყველაფერზე წავა. არავის ვუსურვებ, მოყვეს ამ ავანტიურაში

solidaroba
145 ნახვა

13 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სათათბირომ მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სიხარულით შეხვდა უამრავი ქართველი.

რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილების შემდეგ, დამთხვევა იყო თუ ეს შეგნებულად გააკეთა, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართველებს დაგვემუქრა: “ჩვენ გზავნილი გვაქვს “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშეთ ჩვენი წესებით!”

რუსეთის სათათბირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა აღედგინა, დიდი წვლილი შეიტანეს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებმა. რამდენიმე ორგანიზაციის წევრები გამუდმებით მუშაობდნენ ამ საკითხზე და ხშირად ხვდებოდნენ რუსეთის სათათბიროს წევრებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა “სოლიდარობა მშვიდობისათვის”. გვესაუბრება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი:

რუსეთის სათათბირომ მხარი კი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, მაგრამ საფრთხეები არსებობს და უფრო მეტად მოიმატებს. ის ძალები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა ცუდია, შესაძლოა, გააქტიურდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, რაც მათთვის ცუდი და მიუღებელია, ჩვენთვის, დანარჩენი ქართველებისთვის, კარგია.

ქართველებისთვის ვიზების გაუქმება და ფრენის აღდგენა სასიხარულოა და სარგებლის მომტანი. გარდა ეკონომიკური წინსვლისა, რომელიც გვაქვს და უფრო იზრდება, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის _ აქაც და რუსეთში მცხოვრებთათვისაც, რადგან კომუნიკაციას უფრო ადვილად შევძლებთ. საერთოდაც, ძალიან მნიშვნელოვანია რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა.        

რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წინ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯიცაა. რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ არსებობს არანაირი დამაკავშირებელი ხიდი ჩვენ შორის და ამ დროს ხდება საოცრება _ ვიზებს გვიუქმებენ. ეს ამ ეტაპზე და ასეთ ვითარებაში წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია.

ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანა, გნებავთ, შესასრულებელი მისიაა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. ეს არის პირველი და შემდეგ მოდის ეკონომიკის აღმავლობა და ბიუჯეტში შესული თანხები…

ჩვენს ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები უგულებელყოფენ ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის უმნიშვნელოვანეს ფაქტს, ასევე იქცევიან დასავლეთშიც, მაგრამ დეოკუპაციაზე, ასე ვთქვათ, თავს იკლავენ. ასეთ ვითარებაში, მინდა, დავსვა შეკითხვა: საქართველოსთვის დეოკუპაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ დეკოლონიზაცია?

როგორც კი ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთის სათათბირომ მხარი დაუჭირა ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენას საქართველოსთან, მაშინვე გამოვიდა ევროპარლამენტარი ვინმე კუბილიუსი და დაგვამუნათა. არც აქაურ ე.წ. ნეოლიბერალებსა და მედასავლეთეებს ადარდებთ საქართველოს ინტერესების დაცვა, არ აინტერესებთ ჩვენი კეთილდღეობა. არადა, რუსეთის მიერ ჩვენკენ გადმოდგმული ეს ნაბიჯი დასაფასებელია და იმედის მომცემი, რომ მომავალში აფხაზთისა და სამაჩაბლოს საკითხზე დალაპარაკება შევძლოთ.

რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას, რომ ვიზები საბოლოოდ გაგვიუქმოს და ქვეყნებს შორის ფრენები აღადგინოს, შენარჩუნება უნდა, რადგან ამ მხრივ დიდი  დაბრკოლებები შეგვხვდება. საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის ძალიან კარგი ამბავია რუსეთის სათათბიროში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებისა და საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის მტრები.

გავიხსენოთ, რა ამბავი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ ვიზების მოხსნისა და ფრენების აღდგენაზე. მაშინვე გამოვიდა ამერიკის ელჩი და გვითხრა, რომ სანქციები დაგვეკისრება, თუ მსგავსი რამ მოხდება. მოსკოვის ნებისმიერ აეროპორტში ნახავთ, როგორ დაფრინავენ თავისუფლად ამერიკის, ისრაელის, ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, იაპონიის ავიაკომპანიები. თუკი მათ შეუძლიათ ფრენა, ჩვენ რატომ გვიკრძალავენ? თან გვიკრძალავენ იმას, რაც ჟანგბადივით აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია მილიონამდე ქართველისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ქართველებისთვის, რომელთა ფულადი გზავნილებიც გვაცხოვრებს, ამდენი წელიწადია. მათ წინაშე ჩვენ ვალდებულება გვაქვს. როცა დასავლეთსა და ამერიკას სჭირდება, გვეუბნებიან, რუსეთს თავად დაელაპარაკეთო, დაველაპარაკებით და გვემუქრებიან…

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნის ხელმძღვანელი, ხომ მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი ქვეყნის ინტერესებს ხომ იცავს, როცა არ უერთდება სანქციებს? ჩვენც ხომ გვაქვს ინტერესები? ჩვენც ხომ ვიცით, სუვერენიტეტი რა არის? დიახ, ვიცით და ბოლომდე ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის, ვიბროლებთ საქართველოს კეთილდღეობისა და იმ ოცნების ასასრულებლად, რომელიც ყველა ქართველისთვის უმთავრესია, ვიბრძოლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

თქვენი საუბრიდან ჩანსრომ მხოლოდ ამ მიღწევაზე შეჩერებას არ აპირებთ  და შეხვედრებს განაგრძობთ რუსულ მხარესთანრა გეგმები გაქვთ?

_ წინასწარ არ მინდა ვისაუბრო შეხვედრის იმ ფორმატზე, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთში იგეგმება. ჩვენ არ ვმალავთ, რომ შეხვედრები გვექნება; არ ვმალავთ იმასაც, რომ რუსეთთან და ყველა მეზობელ ქვეყანასთან ვივაჭრებთ ყველა საკითხზე, რომლებიც საქართველოსთვის სასარგებლოა; გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო და აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ყველა ვიზიტი იქნება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ეს მოხდება სახალხო დიპლომატიის სახელით, სახალხო დიპლომატიის გზით.

რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სახალხო დიპლომატიას აღვადგენთ. ჩვენ რუსეთში ვხვდებით პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, ეს სახალხო დიპლომატიაა. ჩვენ ვცდილობთ და, თუ ვინმე მხარში ამოგვიდგება, მივესალმებით. ინტელექტუალებს, რომლებიც ჩვენსავით ფიქრობენ, გვერდით დავიყენებთ, გვერდით დავუდგებით.

30 წელიწადია, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ასეთი შანსი არ ჰქონია. რუსეთი მოქმედებს სწორად, ასე უნდა ვიმოქმედოთ ჩვენც.

რუსეთის სათათბიროს წევრებთან შეხვედრა გასული წლის 7 დეკემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე სწორედ ვიზების გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე ვისაუბრეთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის დუმის დეპუტატმა კაზბეკ ტაისაევმა განაცხადა, რომ პირდაპირ შეხვედრიდან წავიდოდა და რუსეთის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს გააცნობდა რეზოლუციას, რომელიც შეხვედრაზე მივიღეთ. ჩვენც ვთქვით, რომ ანალოგიურად მოვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, ვიცოდით, აქ რა ამბავიც დაგვხვდებოდა და რა ტალახს გვესროდნენ.

ყინული დაიძრა, რუსეთმა გადმოდგა სასიკეთო ნაბიჯები, მაგრამ, თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიმოქმედებთ, არაფერი გამოვა. მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს მოწინააღმდეგეები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენას, რუსეთშიც ბევრი მოწინააღმდეგეა. ახლა განსაკუთრებით გვმართებს სიფხიზლე.

ხელისუფლება აქამდე დუმს ამ საკითხზე

ღარიბაშვილმა გაბედა, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ის იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. არის რაღაცები, რაზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებენ, ამის მიზეზი აქვთ, დიპლომატიური ურთიერთობა არ არის ორ ქვეყანას შორის, მაგრამ ვარსებობთ ჩვენ _ ადამიანები, რომლებსაც სახალხო დიპლომატიის ამუშავება შეგვიძლია. ახლა  ფეხზე უნდა დადგეს ყველა ღირსეული ქართველი, თუ გვერდით არ დაგვიდგებიან, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და სახალხო დიპლომატიით ვცდილობთ ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან, მაგრამ, თუ პოლიტიკურ პარტიად გარდავიქმნებით, პოლიტიკურ განცხადებებსაც გავაკეთებთ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

Facebook