გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

პარტნიორობა სუვერენიტეტის გარეშე

solidaroba
420 ნახვა

პარტნიორობა სუვერენიტეტის გარეშე

გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, რთული არ არის იმის დანახვა, რომ გლობალიზაცია ინტენსიურ, მასობრივ ინფორმაციულ, კულტურულ და ხშირად სამხედრო ომსაც აწარმოებს საკუთარი გავლენის სფეროების მოსაპოვებლად და გასავრცელებლად. – სწორედ ეს წარმოადგენდა ყოველთვის დიდი იმპერიების მიზანს. თუმცა მეორე მსოფლიოს ომის შემდგომმა დღის წესრიგმა თითქოსდა ეს პროცესი ნაკლებ ინტენსიური გახადა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კარნახით მსოფლიო გარკვეულწილად ცივილიზებული, დიპლომატიური ურთიერთობების ხარჯზე საერთაშორისო ხელშეკრულებების ბოჭვითა და წარსული გამოცდილებების სიმძიმით ახალ რეალობაში აღმოჩნდა, რომელშიც სახელმწიფოები თავისი სუვერენული სტატუსითა და მდგომარეობით გაერთიანდნენ. აუცილებელია ადამიანებს შევახსენოთ რას ნიშნავს სუვერენული სახელმწიფო და რა არის ზოგადად სუვერენიტეტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის.

ტერმინი სუვერენიტეტი წარმოდგება ლათინური „სუპერანუს“, „სუპერანიტას“ და ძველი ფრანგული souverain-იდან. სუვერენიტეტი, ეტიმოლოგიურად, ნიშნავს მას, რასაც უპირატესობა აქვს სხვების წინაშე და დასაბამს იღებს ანტიკური ეპოქიდან. სუვერენიზმი ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური თეორია, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით, ახალი დროის გარიჟრაჟზე შეიძინა იურიდიული ნიშნები. თავისი განვითარების პროცესში სუვერენიტეტს ყოველთვის უფრო პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა. ასე იყო ჯერ კიდევ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირების, ხოლო მოგვიანებით, მეფის აბსოლუტურ ხელისუფლებასა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევებში. სუვერენიტეტის ცნება, მისი თანამედროვე მნიშვნელობით, პირველად მე-16 საუკუნეში გამოიყენა ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა. ბოდენის მიერ ჩამოყალიბებული სუვერენიტეტის თეორიის აბსოლუტისტური საფუძვლები კიდევ უფრო განავითარა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა.

სუვერენიტეტი უპირველესად ნიშნავს ხელისუფლების უზენაესობას და დამოუკიდებლობას. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს. სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში. სუვერენიტეტი სხვაგვარად რომ ვთქვათ არის სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშანი, არ არის სუვერენიტეტი, მაშასადამე არ არის სახელმწიფო. არ არსებობს ნაწილობრივი ან სანახევრო სუვერენიტეტი, ის ან არის, ან -არა. სუვერენიტეტი ისეთივე აუცილებელი ნიშანია სახელმწიფოსთვის როგორც ტერიტორია, არმია, ბიუჯეტი, მთავრობა და ა.შ.

თუმცა სუვერენიტეტის საპირწონე ცნებად დღეს გლობალიზაცია გვევლინება. თუ სახელმწიფოს სურს იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, მაშინ მას უწევს დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი სრულად ან ნაწილობრივ, თუმცა ერიდებიან შესაბამისი სახელი დაარქვან ამ პროცესს, რომლის წყალობითაც უფრო და უფრო მეტად კარგავენ სახელმწიფოები დამოუკიდებლობის ხარისხს საკუთარი შიდა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში. სწორედ ამის დამსახურებაა ბოლო წლებში მემარჯვენე ძალების მოძლიერებაც ევროპის სახელმწიფოთა შორის. სულ ახლახანს იტალიაში მემარჯვენე, კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში, უნგრეთს ცალსახად მემარჯვენე ორიენტაციის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, მემარჯვენე ძალებით არის დაკომპლექტებული შვედეთის მთავრობაც, ჩეხეთში დემონსტრაციებია რუსეთისთვის სანქციების გაუქმების მოთხოვნით, პოლონეთში კი სულ უფრო და უფრო მწვავე სახეს იღებს ანტი LGBT გამოსვლები. კონსერვატიული, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ძალებს იკრებენ ევროპაში, რაც მეტად ძლიერდება გლობალიზაციის წნეხი სახელმწიფოთა სუვერენიტეტზე, მით მეტად იზრდება სუვერენიტეტის აქტუალობაც.

ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით დემოკრატიის სახელით წარმოებულ პარადოქსს ჩვენს ქვეყანაშიც. პარადოქსს, კანონის უზენაესობის სახელით – კანონის უზენაესობის დაკნინებას, როდესაც სასამართლო ინსტიტუტებს თავს ესხმიან და მოსამართლეს კორიდორში ხვდება სხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი, კანონისადმი ყველას თანასწორობის სახელით – დამნაშავეთა პატიმრობიდან გათავისუფლების დაჟინებულ მოთხოვნებს დასავლეთიდან და საყოველთაოდ ცნობილი კრიმინალების გათავისუფლებას; დემოკრატიის სახელით სახელწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, პარლამენტში შეჭრის მცდელობას და შემდეგ ამის მოთავეთა პასუხისმგებლობისგან დახსნას ისევ უცხო ქვეყნის საელჩოს დახმარებით, სიტყვის თავისუფლების სახელით გამუდმებულ ცილისწამებას, მედია-საშუალებების მხრიდან ხშირად ტირაჟირებულ სიცრუეს; ამავდროულად, სიტყვის თავისუფლების ქოლგის ქვეშ სოციალურ მედიაში ვხვდებით ანონიმურ ქართველ ცენზორებს, რომლებიც სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებას შეზღუდოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები თვითნებურად ითავსებენ და ლიბერალური იდეოლოგიისთვის მიუღებელ ყოველგვარ კონტენტს ბლოკავენ და შლიან სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებიდან, რამაც იმდენად ხშირი ხასიათი მიიღო, რომ თავისი ინტენსივობითა და ბუნებით არაფრით აღარ ჩამოუვარდება საბჭოთა ცენზურას.
ბოლო პერიოდში ვიხილეთ არაერთი მაგალითი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვისა, მათ შორის გამორჩეულია თი-ბი-სი ბანკის მიერ დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი საბანკო ანგარიშის თვითნებური გაუქმება და პოლიტიკური შეხედულებების გამო კერძო ბანკის მიერ, კერძო პირის სანქცირება და დისკრიმინაცია, ეს არ იკმარეს ცენზორებმა და დიმიტრი ლორთქიფანიძის პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს ერთ-ერთ სატელევიზიო არხს ფეისბუქ-ლაივი დაუბლოკეს და წერილიც მყისიერ მიაყოლეს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე სანქცირებულ პირთა სიაშია და რამდენჯერაც საჭირო გახდება იმდენჯერ დაბლოკავენ მას სოციალურ ქსელში.
საინტერესო ამ ყველაფერში არის ის, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას საქართველოში, სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის აპოლოგეტები ლობირებდნენ ყოველთვის, ახლა კი პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაცია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, საკუთრების ხელყოფა ერთგვარ სტანდარტად იქცა არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ რაღაც კერძო ინსტიტუტების თვითნებური გადაწყვეტილებებით მივიღეთ სახელმწიფოზე უზენაესი, სახელმწიფოზე აღმატებული ცენზორები, სანქციის გამცემი ინსტიტუციები. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში და მეტიც სუვერენიტეტში ეცილებიან, სახელმწიფო სიჩუმეს ამჯობინებს. ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნის საელჩოს მხრიდან ზეწოლისგან, ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს ფინანსური ზეწოლისგან, ჩვენ ვერ ვიცავთ ვერც ჩვენი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას.
უმცირესობათა უფლებებზე ცრუ-აპელირებით უმრავლესობის მმართველობის ფორმის, დემოკრატიის, ამ ქვეყნის ამომრჩევლის ნების მუდმივმა უგულვებელყოფამ, მშვიდობისა და პარტნიორობის სახელით ომში ჩაბმის გაცხოველებულმა მცდელობებმა სამართლიანად დააყენა ეჭვქვეშ აქამდე აქსიომად დამკვიდრებული შეხედულებები, რომ დასავლეთი ჩვენი უანგარო მეგობარია. გასაგებია, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს ყოველთვის აქვთ თავისი მიზნები. დიახ, ეს გასაგებია, არც ჩვენ ვართ გულუბრყვილოდ მიამიტები, რომ სიკეთისა და ჰუმანურობის სახელით გვეგონოს ის დახარჯული 6 მილიარდი საქართველოში, რომელსაც უხერხულად ხშირად გვახსენებს აშშ-ს საელჩო, თუმცა როდესაც სტრატეგიული პარტნიორის კერძო მიზნები და ინტერესები შენი ქვეყნის მშვიდობის, სუვერენიტეტისა და მეტიც ფიზიკური არსებობის ზღვარზე გადის – ვალდებულნი ვართ ყველაფრის ფასად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ავტორი: სოფიო მეზვრიშვილი

Facebook